„ისტორიის ხმების" დროს ქალაქი მართლაც თეატრალური ხდება. მაყურებელი სიამოვნებით დადის სპექტაკლებზე ნებისმიერ ამინდში, განსაკუთრებით ცივ ღამეებში იცვამენ ქურთუკებს, წვიმის დროს კი, არ ხსნიან ქოლგებს, რათა უკან მსხდომთათვის სახედველი არ დაფარონ. უჭირთ არტისტებს, რომლებიც წვიმაში თამაშობენ, წვანან ცივ და სველ იატაკზე, ისხამენ გაყინულ წყალს და შიშვლდებიან მაშინ, როცა თერმომეტრზე თითქმის ნული გრადუსია. ვოლოგდას მსახიობები კი, რომლებიც ტრადიციისამებრ, ფესტივალისთვის პრემიერას ამზადებენ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ამინდის პირობებში, ქუჩაში ატარებენ რეპეტიციას (მინდა ვთქვა - კაჟდებიან). განა ამას არ უწოდებენ გატაცებას ან, გიჟურ აკვიატებასაც კი? დიახ, ვოლოგდა ვნებიანად არის შეყვარებული თავის ფესტივალში, ენთუზიაზმით ნუსხავს ჩამოსულებს და შთააგონებს მსახიობებს გმირობას. სწორედ ეს არის, ალბათ, „ისტორიის ხმების" დღეგრძელობის მთავარი მიზეზი.
ღია ცის ქვეშ ფესტივალის ყველა მონაწილე სირთულეებს აწყდება. მაგრამ, ალბათ, მხოლოდ ვოლოგდას დრამატული თეატრი, სამხატვრო ხელმძღვანელის - ზურაბ ნანობაშვილის თაოსნობით, მიდის მათკენ შეგნებულად და მიზანმიმართულად. მაშინაც კი, როდესაც ფესტივალის მომზადება არ გულისხმობს ახალი სასცენო ადგილის ძიებას და შესაბამისი ნებართვების მოპოვებას, რეჟისორი, დამდგმელ მხატვრებთან ერთად, იგონებს აბსოლუტურად წარმოუდგენელ და ტექნიკურად ურთულეს კონსტრუქციას, რომლის გადატანა სახურავის ქვეშ პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე რომ, ყველა სპექტაკლი ვერ იძენს „მეორე სიცოცხლეს" დრამატული თეატრის სცენაზე. მაგალითად, "კარამაზოვები და ჯოჯოხეთი" (2007) და "წმინდა სავანე" (2016) სამუდამოდ დარჩა მხოლოდ ქუჩის ვერსიებად. თუმცა, „შიდა თეატრალური" ვარიანტი ყოველთვის ოდნავ ჩამორჩება „ორიგინალს" - ემოციური მუხტით, დინამიკით და მაყურებლის უკუგებით. შეუძლებელია, დახურულ სცენაზე გაიმეორო სვიფტების გამჭოლი სასტვენის, ზარების რეკვის ხმა, ზაფხულის ვარსკვლავური ცა, მზით გამთბარი მიწის, მდინარის წყლისა და ბალახის სუნი, აღადგინო თანდათანობით ჩამავალი მზის შუქი და წმინდა სოფიას ტაძრის თეთრ კედლებზე მოთამაშე ჩრდილები, რომ იმავე დონის გულწრფელობას და რეალისტურობას მიაღწიო.