ავტორი -ფედერიკო გარსია ლორკა. სასცენო რედაქცია - ზურაბ ნანობაშვილი. ჟანრი-დრამა ორ მოქმედებად.
"ბერნარდა ალბას სახლი" ფედერიკო გარსია ლორკას ბოლო დასრულებული პიესაა. ბერნარდას სახლში უკანასკნელი მამაკაცის, მამისა და ქმრის - ანტონიო მარია ბენავიდესის გარდაცვალება, ერთ-ერთი შვილის საქმროს გამოჩენა, რომლისთვისაც რამდენიმე ქალი იბრძვის - ის მთავარი მოვლენებია, რომლებიც მოქმედებას გახსნისკენ ამოძრავებს.
სახლში გლოვაა -აკრძალულია შავი ფერის გარდა სხვა ფერის ტანსაცმლის ტარება. აკრძალულია სახლის გარეთ გასვლა. არარეალიზებული ვნება აპირისპირებს და აჯახებს ერთმანეთს პიესის პერსონაჟებს. სიყვარული შერეულია სიძულვილთან, სიცოცხლე გადაჯაჭვულია სიკვდილთან, ძალაუფლება აბრმავებს და ანადგურებს, სიცრუე არსებობის საფუძველი ხდება.
სიცოცხლისა და სიკვდილის კონფლიქტი ვლინდება თავისუფლებასა და ტყვეობას, ვნებასა და აკრძალვებს შორის ბრძოლის საშუალებით. გმირები ცხოვრობენ სამყაროში, სადაც შეუძლებელია ბუნებრივი მისწრაფებების ასრულება. მათი სურვილები იძენს არაბუნებრივ ხასიათს, გადაიზრდება მტკივნეულ დაძაბულობაში, რომელიც მუდმივად მოასწავებს კატასტროფას. ცხოვრება - უმაღლესი ღირებულებაა, ვნება კი - მისი სრული და ნათელი გამოხატულება. თუ სასიცოცხლო ძალები დაჩაგრული და დათრგუნულია, ისინი თავისუფლდებისკენ ილტვიან, ფეთქდებიან და მძვინვარებენ; შებოჭილი ვნება ველურ ენერგიას იძენს.